განახლების შესახებ

2016 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის - ლარის განახლებული ბანკნოტების გამოშვება.

2017 წლის 1 სექტემბრიდან მიმოქცევაში გავიდა განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები.

განახლებული 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან.

 განახლებული 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 ნოემბრიდან.

 

ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას. 


ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან.

 

განახლდა ბანკნოტების ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი. 

 

განახლებული ბანკნოტების გაფორმების სტილი, პარამეტრები და დამცავი ნიშნები თანამედროვე, აპრობირებული და თანმიმდევრულია თითოეული ნომინალისათვის. ამასთან, დიზაინის შემადგენელი დეტალები მაქსიმალურადაა ინტეგრირებული დამცავ ნიშნებთან და მთლიანობაში ქმნის ერთიანი ოჯახის კონცეფციას.

 

ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის გამოყენებულია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. 

 

ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

 

საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი მბეჭდავი კომპანიები: „Giesecke+Devrient Currency Technology“ (გერმანია), „Oberthur Fiduciaire“ (საფრანგეთი), „De La Rue“ (ინგლისი). 

 

წინა ემისიების ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად. 

 

10 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდება მოგვიანებით.

 

ჩამოტვირთე პოსტერი 20₾ 50₾ 100₾

 

ჩამოტვირთე პოსტერი 5₾